photo

ფინური განათლების მოდელი

ალბათ, ბევრისთვის სიახლე არ იქნება, თუ საუბარს დავიწყებთ ფაქტით, რომ ფინური საგანმანათლებლო მოდელი მსოფლიოში საუკეთესოდ არის აღიარებული.

 

საინტერესოა, რა ხდის სწავლების ფინურ მეთოდს ასე განსაკუთრებულს, რით გამოარჩევენ მას სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებისგან?

 

ფინეთში, ბავშვები სწავლობენ ცხოვრებისთვის და არა - გამოცდებისთვის. შემუშავებულია სწავლებისა და მოსწავლის შეფასების ინდივიდუალური მიდგომები. შექმნილია ჰოლისტური, მულტიდისციპლინური გარემო, სადაც აქცენტი კეთდება თითოეული მოსწავლის როგორც აკადემიური უნარების  განვითარებაზე, ასევე მათ სოციალურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

 

ჩვენი სკოლისა და ზოგადად, ფინური საგანმანათლებლო სისტემის  მამოძრავებელი ღერძია პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგები. ტრადიციულად, თითოეული მათგანი, მინიმუმ, მაგისტრის ხარისხს ფლობს. ფინეთში, სწორედ მასწავლებლობაა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, სასურველი და დაფასებული პროფესია.

 

ფინური განათლების მეთოდი ითვალისწინებს ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარების განვითარებას. ხშირია სხვადასხვა თემის გარშემო გაკვეთილების ინტეგრირება. გუნდური მუშაობით, პრაქტიკული პროექტების კეთებითა და დაკვირვებით, მოსწავლეები უფრო ეფექტურად და სიღმისეულად ეცნობიან საკითხებს. აღსანიშნავია, ყოველდღიურ სწავლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩართულობა და ინოვაციებისთვის მზაობაზე ზრუნვა.


მინიმუმამდეა დაყვანილი საშინაო დავალებები და მათი მოცულობა, რადგან ვთვლით, რომ სკოლის შემდგომ, ოჯახთან ერთად გატარებული დრო და სრულფასოვანი ძილი ბავშვის  პიროვნული განვითარებისთვის, მეცადინეობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დავალებების უმრავლესობას მოსწავლეები სკოლაშივე ასრულებენ.

 

სწავლების განუყრელი ნაწილია ბუნებასთან სიახლოვეც - ლაშქრობები, ექსკურსიები და ყოველდღიურ რუტინაში შესვენებების ეზოში გატარება. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ საგურამო. ჩვენი პრიორიტეტი იყო, სკოლა ეკოლოგიურად სუფთა, ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებულ ადგილას გაგვეხსნა.

 

და მაინც, იმის გათვალისწინებით, რომ წიგნიერებისა თუ უმაღლესი განათლების მიღების კუთხით არაერთი სხვა ქვეყანა ლიდერობს, რა კრიტერიუმით აღიარეს  საუკეთესოდ სწავლების ფინური მოდელი?
აღმოჩნდა, რომ ფინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის განათლებისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონე თანაბრად, უმაღლეს ნიშნულზეა.

 

უკვე 4 წელია, ფინეთი სტაბილურად ინარჩუნებს გაეროს მიერ გამოცხადებულ ანგარიშში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს. სწორედ ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ფინური საგანმანათლებლო მოდელი პროფესიულად და სოციალურად რეალიზებული პიროვნების  ფორმირებას უზრუნველყოფს.